English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ რამაზ აბესაძე
ტექნოლოგიური რევოლუციები

10.36172/EKONOMISTI.2021.XII.02.RAMAZ.ABESADZE

ანოტაცია. ხშირად ეკონომიკური პროცესების შესწავლა ხდება ტექნოლოგიური ცვლილებების გარეშე, მაშინ როდესაც, ტექნოლოგიური ცვლილებები უდიდეს გავლენას ახდენს  ეკონომიკაზე, ბიზნესციკლებზე და ა. შ.  ნაშრომში განხილულია დედამიწაზე მომხდარი ტექნოლოგიური ცვლილებები, რომელთაც უდიდესი გავლენა მოახდინეს ეკონომიკის და საერთოდ კაცობრიობის განვითარებაზე.

საკვანძო სიტყვები: ტექნოლოგიური რევოლუცია, „ნეოლითური“ რევოლუცია, „ელექტრული“ რევოლუცია, „ინფორმაციული“ რევოლუცია, „აგრარული“ რევოლუცია.

შესავალი 

ეკონომიკური სისტემის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ნაწილი არის ტექნოლოგიები. ტექნოლოგიების სრულყოფა უზარმაზარ გავლენას ახდენს ეკონომიკაზე, განსაკუთრებით ტექნოლოგიური რევოლუციები. ტექნოლოგიური რევოლუციის დროს ხდება ძირეული ცვლილებები საზოგადოებრივი წარომოების პროცესში. ამ დროს არენაზე გამოდის წარმოების სრულიად ახალი საშუალებები, რომლებიც იწვევენ ეკონომიკური სისტემის ელემენტთა ყველაზე პროგრესულ შეხამებას და განაპირობებენ ადამიანთა კეთილდღეობისა და კომფორტის არნახულ ზრდას. თუმცა მათ თან ახლავს ახალი ნეგატიური მოვლენების წარმოშობა ან არსებულის გაძლიერება. მსოფლიომ უკვე გაიარა არაერთი ტექნოლოგიური რევოლუცია, რომელიც გაგრძელდება მომავალშიც.

ეკონომიკურ ლიტერატურაში განსაკუთრებით გამოიყოფა „ინდუსტრიული რევოლუცია“ და მისი რამდენიმე ეტაპი. მომავალი ტექნოლოგიური რევოლუციაც ინდუსტრიული რევოლუციის ერთ-ერთ ეტაპად არის მიჩნეული. ჩვენი აზრით, ინდუსტრიული რევოლუცია არის ტექნოლოგიური რევულუციების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახე, რომელიც იცვლება თვისებრივად განსხვავებული სხვა ტექნოლოგიური  რევოლუციით. ამდენად, ლოგიკურია,  ნახტომისებური ცვლილება ტექნიკასა და ყოფაცხოვრებაში გამოვხატოთ ტერმინით „ტექნოლოგიური რევოლუცია“ და არა პირველი, მეორე და ა. შ. „ინდუსტრიული რევოლუციით“.  ინდუსტრიულ რევოლუციას აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული. 

პირველი ტექნოლოგიური რევოლუცია  – “ნეოლითური რევოლუცია” 

თავდაპირველად ადამიანები ცხოვრობდნენ ჯგუფურად და იყენებდნენ ქვის, ძვლის, ტყავის, ხისა და სხვა მცენარეული წარმოშობის მასალებისაგან დამზადებულ მეტად პრიმიტიულ იარაღებს. დაკავებულნი იყვნენ მონადირეობითა და მცენარეული საკვების შეგროვებით.

ქვის ხანის ბოლო პერიოდი, ნეოლითი·, კი ხასიათდება ქვის დამუშავების ახალი ტექნიკით, ადამიანმა ისწავლა ქვის გახვრეტა, გაპრიალება,  ხეხვა, მისთვის სასურველი, საკმაოდ დახვეწილი ფორმის მიცემა, რამაც უბიძგა  უმნიშვნელოვანეს მოვლენას - ნეოლითურ რევოლუციას·, რომელიც არის ერთ-ერთი  გარდამტეხი პერიოდი კაცობრიობის ისტორიაში, როდესაც ადამიანი მეთევზეობას, მონადირეობასა და შემგროვებლობას წარმოებითა (მიწისმოქმედება, მესაქონლეობა) და ბინადარი ცხოვრებით ანაცვლებს. ეს პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი იყო და ათასწლეულებს მოიცავს. დაიწყო: ცხოველების მოშინაურება;  ტანსაცმლისა და ცხოველთა ტყავის ათვისება; სამშენებლო ტექნიკის სრულყოფა მიწურებისა და ქოხების ასაშენებლად; მარხილების გამოყენბა ტვირთის გადასატანად, რომლის დროსაც გამწევ ძალად გამოიყენება ცხოველები; ანკესების, ჰარპუნებისა და ბადეების გამოყენება თევზსაჭერად; სამეთუნეო საქმე; განათების ტექნიკის ათვისება, კვარიდან  და ჩირაღდნებიდან  პრიმიტიულ ზეთის სანთურებზე გადასვლა; სამკაულების, მხატვრობისა და  კულტის პირველი ნიმუშების შექმნა; მიწისქვეშა ნედლეულის, პირველ რიგში კაჟის, იასპის, ფიქალის, მოგვიანებით კი – კირქვის მოპოვება, შტოლნებისა და შახტების გაყვანა. წარმოიშვა სამთო საქმე. იარაღებად გამოიყენებოდა: წერაქვი, ქარჩი, ჩაქუჩები, ნიჩაბი, ფოცხი, ხის მარგილები, რატუშების ტექნიკა ნამდვილ ხელოვნებამდე იქნა აყვანილი; გაუმჯობესდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გამოიყენებოდა: ნამგალი, ხელკეტები, როდინი; დაიხვეწა ქვის დამუშავების ტექნიკა, მისი ხეხვის, ბურღვისა და გახერხვის მეშვეობით, რამაც შესაძლებელი გახადა ქვის უფრო მაგარი ქანების – ბაზალტის, ნეფრიტისა და ჟადიეტისაგან იარაღების ნაჯახების, თოხების, როდინების,  ქარჩების დამზადება. ასევე გაუმჯობესდა ხის დამუშავების ტექნიკა, უკვე ხდებოდა ხის პოლირება.

ნეოლითის ეპოქაში ადამიანთა ძირითადი საქმიანობაა მონადირეობა და მიწათმოქმედება. ხდება ცხოველთა მოშინაურება (ცხვრების, თხების, ღორების, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, შემდეგ ცხენისა და აქლემის). მოშინაურებული ცხოველები გარდა ხორცისა და ტყავისა (რაც მონადირეობითაც მოიპოვებოდა) იძლეოდნენ რძესა და მატყლს. შინაური ცხოველები გამოიყენაბოდნენ ტვირთის გადასატანად და გამწევ ძალად. მესაქონლეობა გამოეყო მიწათმოქმედებას. დაიწყო მონათმფლობელობის ჩამოყალიბება [Дятчин. .., 2000].

„ნეოლითური რევოლუცია“ იყო „პირველი ტექნოლოგიური რევოლუცია“ (მას შეიძლება ასევე ვუწოდოთ „აგრარული რევოლუცია“) კაცობრიობის ისტორიაში.  შედეგად ჩამოყალიბდა „აგრარული ეკონომიკა“  და „აგრარული საზოგადოება“, რომლის დროსაც მატერიალური დოვლათის შექმნაში უდუდეს როლს თამაშობს სოფლის ეკონომიკა (უმთავრესად სოფლის მეურნეობა, ასევე მონადირეობა და მეთევზეობა). 

ინდუსტრიული  რევოლუციის წანამძღვრები 

ყველა რევოლუცია უპირველესყოვლისა დაკავშირებულია ახალი ტექნოლოგიების ათვისებასთან. ახალი ტექნოლოგიების ათვისება კი თავისთავად დამოკიდებულია მეცნიერულ აღმოჩენებზე. ამ მხრივ აღსანიშნავია XVII საუკუნე. XVII საუკუნეში შეიქმნა: კლასიკური მექანიკა;  ანალიზური გეომეტრიის საფუძვლები;  მოძრაობის რაოდენობის შენახვის კანონი; ჰიდრავლიკისა და ჰიდრომეტრიის, ასევე ატმოსფერული წნევის თეორია; ფიზიკური ქანქარის რხევის კანონები;  სინათლის ტალღური თეორია; შეწავლილ იქნა: სხეულის ვარდენა, მისი მოძრაობა დახრილ სიბრტყეზე; ქანქარის სიმის რხევები; გაზომილ იქნა ბგერის სიჩქარე ჰაერში; შემოღებულ იქნა კოორდინატთა სისტემა;  განვითარდა სხეულთა ატომური აგებულების შეხედულება და ატომთა შეერთებით მიღებულ მასას მოლეკულა ეწოდა; გამოგონებულ იქნა ვერცხლისწყლის ბარომეტრი; ჩამოყალიბდა კლასიკური ფიზიკა. აღმოჩენილ იქნა მსოფლიო მიზიდულობის, ნიუტონისა და ბოილ-მარიოტის კანონები; შემოტანილ იქნა ისეთი ცნებები, როგორიცაა: მასა, სიმკვრივე, მოძრაობის რაოდენობა, ძალა, უჯრედი;  გამოვლენილ იქნა სინათლის დისპერსია, ქრომატული აბერაცია, დიფრაქცია და ინტერფერენცია; შეიქმნა სინათლის კორპუსკუოლარული და ტალღური თეორია და სხვ.; გაჩნდა მიკროსკოპი და ტელესკოპი; საფუძველი ჩაეყარა მაგნიტიზმსა და ელექტრობას; გამოგონებულ იქნა ქაღალდი, ცეცხლსასროლი იარაღი, დენთი, კომპასი და გემები, რომელთაც შეეძლოთ გადაეცურათ მთელი ოკეანე; დაიწყო წიგნის ბეჭდვა (XV); გაიზარდა კავშირი და ურთიერთგავლენა საზოგადოებას, ცოდნასა და ტექნიკას შორის. დაარსდა სამეცნიერო ჟურნალები, აკადემიები, საზოგადოებები (მაგ. ლონდონის სამეფო საზოგადოება (1662), პარიზის მეცნიერებათა აკადემია (1666)).         

მეცნიერული აღმოჩენების კვალობაზე თანდათან მნიშვნელობანი ძვრები მოხდა ტექნიკასა და წარმოებაში. ინგლისში მრეწველობის განვითარება ბამბის საფეი­ქრო მრეწველობაში დაიწყო. თავდაპირვე­ლად ინდოეთიდან შემოსული მოდური ბამბის ქსოვილებზე მოთხოვნილების ზრდასთან ერთად, გაჩნდა მათი წარმოების გაფართოების საჭიროება. მონური შრომის შედეგად მიღებული იაფი ნედლეუ­ლი ამერიკული კოლონიების ბამბის პლანტაციებიდან მოედინებოდა. ამ მოზღვავებული ნედლეულის გადამუშავება, თავის მხრივ, საწარმოო პროცესის მექანიზაციას მოითხოვდა. მექანიზაცია მანუფაქტურებში დაიწყო 1733 წელს, როდესაც ჯონ კეიმ შექმნა „მფრინავი მაქო“, რამაც შესაძლებელი გახადა ჩარხზე ემუშავა ერთ მუშას ნაცვლად ორისა. 1765 წელს ინგლისელმა ფეიქარმა ჯეიმზ ჰარგრივსმა ძაფის სართავი მექანიზმი გამოიგონა, შემდგომში მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული სართავი "ჯენი", რამაც მწარმოებლურობა 20-ჯერ გაზარდა. ამას მოჰყვა მექანიკური საქსოვი დაზგის გამოგონება. XVIII საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისისათვის ინგლისში ჩნდება ორთქლის მანქანაზე მომუშავე პირველი საფეიქრო ფაბრიკები. მანუფაქტურული (ხელით) წარმოება მექანიზებული საფაბრიკო წარმოებით იცვლება. მანქანათმშენებლობამ გაზარდა მოთხოვნილება იმ დროისთვის მთავარ ენერგომატარებელზე — ქვანახშირზე და შესაბამისად, ბიძგი მისცა სამთამადნო მრეწველობის განვითარებას. ინდუსტრიული პროდუქციის (საფეიქრო, სამთამადნო) ზრდასთან ერთად, აქტუალური გახდა მისი ტრანსპორტირების საკითხი.          .

ინდუსტრიულ რევოლუციას წინ უსწრებდა ასევე ინდუსტრიული რევოლუციის წინამორბედი ე.წ. აგრარული გადატრიალება·, რომელმაც შეცვალა არამხოლოდ წარმოების წესი, არამედ საზოგადეობის სტრუქტურაც, წარმოშვა ახალი, ინდუსტრიული საზოგადოებისთვის შესაფერისი სოციალური ჯგუფები მეწარმეთა და დაქირევებული მუშახელის ფართო მასის სახით. ჯერ კიდევ XVI-XVII საუკუნეებში განსაკუთრებით ინტენსიურად განვითარებულმა ე. წ. „შემოღობვებმა“ (მემამულეების მიერ გლეხობის სათემო მიწების მისაკუთრებამ), რომელიც XVIII საუკუნეში უკვე პარლმანეტის სათანადო აქტებით, ანუ კანონით იყო დამტკიცებული (ინგლისში), გლეხების გაღატაკება გამოიწვია. უმიწაწყლოდ და შესაბამისად, საარსებო წყაროს გარეშე დარჩენილი გლეხობის ეს მასა იძულებული გახდა მრეწველობაში დასაქმებულიყო·. 

მეორე ტექნოლოგიური რევოლუცია  –  „ინდუსტრიული რევოლუცია“ 

 XVIII საუკუნის დასაწყისამდე ეკონომიკაში წარმოება ეფუძნებოდა ხელოსანთა გილდიებს. შემდეგ დამკვიდრდა მანუფაქტურული წარმოება, რომელმაც გაზარდა მწარმოებლურობა. მექანიზაცია მანუფაქტურებში დაიწყო 1733 წელს, როდესაც ჯონ კეიმ შექმნა „მფრინავი მაქო“, რამაც მწარმოებლურობა 2-ჯერ გაზარდა. 1765 წელს ჯეიმს ხარგრივსმა ააწყო საქსოვი მანქანა „ჯენი“. მწარმოებლურობა 20-ჯერ გაიზარდა·. ამიტომ ითვლება, რომ „ინდუსტრიული რევოლუცია“ იწყება XVIII ,საუკუნის შუა წლებიდან. მაგრამ,  ფაქტიურად ინდუსტრიული რევოლუცია იწყება ცოტა მოგვიანებით. მანუფაქტურული პერიოდი კი იყო წყლისა და ქარის ენერგიაზე მომუშავე მექანიზაციის  პერიოდი.  ეფექტიანობის ასამაღლებლად საჭირო იყო ენერგიის ახალი სახეობის გამოყენება, რის საშუალებასაც იძლეოდა მიღწევები მეცნიერებასა და ტექნიკაში. დაიწყო ორთქლის მანქანათა გამოგონების მთელი სერია.  განვითარდა მეტალურგია, ამას ხელი შეუწყო ბრძმედებში ხის ნაშირის შეცვლამ ქვანახშირის კოქსით   ფოლადის მისაღებად (1709). ორთქლის მანქანა შეიქმნა 1782 წელს, რომლის სრულყოფა მოხდა 1788 წელს ჯეიმს უატის მიერ, რომელსაც ჰქონდა 5-ჯერ მეტი სიმძლავრე და იყო ბევრად მოხერხებული და სტაბილური, ვიდრე მისი წინამორბედები. ის წარმატებით გამოიყენებოდა მრეწველობის სხვადასხვა დარგში და შემდეგ კი ტრანსპორტში. ორთქლმავლებისა და   ორთქლის გემების  გამოგონებამ დააჩქარა ვაჭრობა, აამაღლა ეკონომიკის ეფექტიანობა. „ინდუსტრიული რევოლუციის“ შედეგად რევოლუციური გარდაქმნები იწყება არა მხოლოდ მრეწველობაში, არამედ ეკონომიკის ყველა დარგში და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.  არნახული ტემპებით იზრდება ხალხის კეთილდღეობის დონე და კომფორტი, უმჯობესდება შრომის პირობები.  ეს მაუწყებელი იყო „ინდუსტრიული“ ანუ „სამრეწველო“ რევოლუციის. დაიწყო ორთქლზე მომუშავე მექანიზაცია – ხელით შრომიდან გადასვლა მანქანურზე, მანუფაქტურული წარმოებიდან – ფაბრიკულზე, აგრარული ეკონომიკიდან ინდუსტრიულ ეკონომიკაზე. დაიწყო ინდუსტრიული საზოგადოების ჩამოყალიბება [История...2017].

ლიტერატურაში სხვადასხვა მიდგომა არსებობს იმისთან დაკავშირებით თუ რამ  განაპირობა ინდუსტრიული რევოლუცია და ამასთან ინგლისში და არა მსოფლიოს სხვა ქვეყანაში.  მაგალითად, არსებული შეხედულებების მიხედვით ინდუსტრიული რევოლუციის წანამძღვრები ინგლისში იყო: იაფი ქვანახშირის დიდი მარაგები [Pomeranz..., 2000; Fernihough..., 2014]; მონებით ვაჭრობა (Williams..., 1944); ტექნოლოგიური ცვლილებები (Allen..., 2009); ინსტიტუციური ძვრები (North and Thomas 1973, Acemoglu et al. 2005); 16 000 სოფლის ინდუსტრიული მიღწებები (Heldring et al.2017). სხვა შეხედულებით ბაზრების განვითარება და ამით გამოწვეული, შრომის დანაწილება, ინოვაციები და ინსტიტუციური ცვლილებები. [Leander..., 217].

ასევე მიიჩნევა, რომ ბრიტანეთის ინდუსტრიული რევოლუცია იყო რეაქცია XVII და XVIII საუკუნეების გლობალურ ეკონომიკაზე. დიდ ბრიტანეთში, დანარჩენ ევროპასა და აზიასთან შედარებით, ხელფასები მაღალი იყო, ხოლო კაპიტალი და ენერგია იაფი. შედეგად, ინდუსტრიული რევოლუციის გამომწვევი ტექნოლოგიები - ორთქლის ძრავა, ბამბის სართავი ფაბრიკა და მეტალურგიაში ხის საწვავის შეცვლა კოქსით,  აღმოჩნდა ისეთი გამოგონება, რომელიც მხოლოდ დიდ ბრიტანეთში იყო მომგებიანი და მის გარეთ წამგებიანი. ბრიტანეთის ინდუსტრიალიზაციამდელი მაღალანაზღაურებადი ეკონომიკა ასევე ხელს უწყობდა ინდუსტრიულ განვითარებას, რადგან უფრო მეტ ადამიანს ჰქონდა სწავლისა და შეგირდობის შესაძლებლობა. მხოლოდ მაშინ, როდესაც XIX საუკუნში ბრიტანელმა ინჟინრებმა ეს ახალი ტექნოლოგიები უფრო ეკონომიურად გახადეს, სამრეწველო რევოლუცია გავრცელდა მთელს მსოფლიოში.

ჩვენი აზრით აქ მოტანილმა ყველა ფაქტორმა შეუწყო ხელი დიდ ბრიტანეთში ინდუსტრიული რევოლუციის განხორციელებას, მაგრამ საფუძველთა საფუძველი იყო მეცნიერული აღმოჩენები და გამოგონებები. ინდუსტრიული რევოლუცია ეფუძნებოდა დიდ აღმოჩენებს მეცნიერებაში.

მეორე ტექნოლოგიური რევოლუციის განხორციელებაში დიდი როლი ითამაშა ჰენრი ბესსემერის თხევადი თუჯის ფოლადად გადაქცევის მეთოდმა, რომელმაც ფოლადი გახადა უფრო მტკიცე. ბესსემერის მეთოდმა დიდი წვლილი შეიტანა მეტალურგიის განვითარებაში, მნანქანათმშენებლობასა და რკინიგზის გავრცელებაში.

ინდუსტრიული რევოლუციის გაგრძელების უმნიშვნელოვანესი მოვლენაა შიგაწვის ძრავების გამოგონება და პრაქტიკაში დანერგვა. ამ პერიოდს შეიძლება მოტორიზაციის პერიოდი ვყწოდოთ.  ორთქლის მანქანების გასაუმჯობესებლად საჭირო იყო დიდი გაბარიტების ორთქლის ქვაბი და გამაგრილებელი მოწყობილობა, რაც ექცპლუატაცია შეუძლებელი იყო. ამიტომ წარმოიშვა შიგაწვის ძრავის შექმნის იდეა. პირველი ასეთი ძრავა 1860   წელს გამოიგონა ე. ლენუარმა (1833-900), რომლის სრულყოფა განხორციელდა ნიკოლაი ოტოს (1876), ო. კოსტოვიჩისა და შემდეგ კი დალმლერისა და ბენცის მიერ. რუდოლფ დიზელმა შექმნა მაზუთზე მომუშავე ძრავა (1897). ის შეიცავდა თანამედროვე ძრავის ყველა ელემენტს და იყო ყველაზე ეკონომიური. მას გამომგონებლის პატივსაცემად დიზელის ძრავა ეწოდა. დიზელის ძრავა შემდეგში გააუმჯობესა გ. ტრინკლერმა, შექმნა რა შერეული წვის დიზელის ძრავა (1889). ჩამოყალიბდა ტრანსპორტის მანამდე არნახული სახეობები: ავტომობილები, მოტოციკლები, თვითმფრინავები, ვერტმფრენები, რაკეტები, კოსმოსური ხომალდები, შიგაწვის ძრავიანი გემები და სხვ. განხორციელდა შიგაწვის ძრავათა მთელი თაობების შექმნა, რის საფუძველზეც მოხდა ტრანსპორტისა და მათთან დაკავშირებული ტექნიკის სრულყოფა.

ინდუსტრიული რევოლუციის დამახასიათებელი ნიშნებია: მექანიზებული ფაბრიკებისა და ქარხნების მშენებლობა, სადაც გამოიყენებოდა სართავი და საქსოვი მანქანები, სახარატო და საღარავი (საფრეზავი) ჩარხები; გამოიყენებოდა სასოფლო საქმეურნეო მანქანები; მიმდინარეობდა  კაპიტალისტური ურთიერთობების ჩამოყალიბება; ხორციელდებოდა სოფლის მოსახლეობის მიგრაცია ქალაქში და სხვ.

საერთოდ შეიძლება ითქვა, რომ ინდუსტრიული რევოლუციის დროს   რევოლუციური გარდაქმნები მიმდინარეობს არა მხოლოდ მრეწველობაში, არამედ  ეკონომიკის ნებისმიერ სხვა დარგში. პროგრესული ცვლილებები, უპირველეს ყოვლისა, ხდება მრეწველობაში, მაგრამ პარალელურად მიმდინარეობს რევოლუციური ცვლილებები ტრანსპორტში, კავშირგაბმულობაში, მომსახურებაში და ა. შ. მაშასადამე, ინდუსტრიულ რევოლუციას ეკონომიკისათვის   აქვს საერთო, ყოვლისმომცველი ხასიათი. 

მესამე ტექნოლოგიური რევოლუცია - „ელექტრული რევოლუცია“ 

დედამიწაზე მესამე ტექნოლოგიურ რევოლუციას შეიძლება  „ელექტრული რევოლუცია“ ვუწოდეოთ, ვინაიდან ელექტროენეროენერგის გამოყენება წარმოებასა და ყოფაცხოვრებაში იყო უდიდესი მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში. ელექტროენერგიის თვისებების გამოყენებამ რევოლუცია მოახდინა ტექნოლოგიებსა და ტექნიკაში, რომელმაც ეკონომიკის ყველა დარგის არნახული განვითარება და მოსახლეობის კეთილდღეობისა და კომფორტის ასევე არნახული ზრდა გამოიწვია.

რასაკვირველია, ელექტრული რევოლუციაც მეცნიერთა აღმოჩენებს ეფუძნებოდა. ელექტროენერგის მიღებისა და მისი პრაქტიკული გამოყენებისათვის  უდუდესი მნიშვნელობა ჰქონდა მაიკლ ფარადეის მიერ ელექტრომაგნიტური ინდუქციის მოვლენის აღმოჩენას (1831). სწორედ ამ აღმოჩენის საფუძველზე მუშაობს დღეისათვის მილიონობით ელექტროგენერატორი, ელექტროძრავა და ტრანსფორმატორი, რომელთა გარეშე ენერგეტიკა, როგორც ეკონომიკის უდიდესი დარგი არ იარსებებდა. მრავალი მეცნიერისა და გამომგონებლის მიერ წლების განმავლობაში ხდებოდა ელექტროენერგიის მიღების გადაცემისა და მოხმარების ტექნოლკოგიებისა და ტექნიკის სრულყოფა.

„ელექტრული“ რევოლუცია თვისობრივად განსხვავდება „ინდუსტრიული რევოლუციისაგან“. ინდუსტრიული რევოლუციის ენერგეტიკულ საფუძველს წარმოადგენს ორთქლის ენერგია, რომლის გამოყენების შესაძლებლობები ძლიერ შეზღუდულია. ის იძლევა მხოლოდ ხელის შრომის მექანიზაციის შესაძლებლობებს, ისიც შეზღუდული სიდიდით. „ელექტრული“ რევოლუციის ენერგეტიკულ საფუძველს წარმოადგენს ელექტროენერგია, რომელიც არა მხოლოდ ადამიანის ფიზიკური შრომის, არამედ გონებრივი შრომის შეცვლის შესაძლებლობებსაც იძლევა.

ელექტროენერგიის უპირატესობას სხვა სახის ენერგომატარებლებთან შედარებით განაპირობებს: დიდ მანძილზე გადაცემის ეკონომიკური ეფექტიანობა; სხვა სახის ენერგიად (სითბური, მექანიკური, სინათლის, ქიმიური და სხვ.) გარდაქმნის სიმარტივე; განაწილების სიიოლე ნებისმიერი რაოდენობის მომხმარებელთა შორის; ელექტროენერგია, შესაბამისი ტექნიკის მეშვეობით, ცვლის ადამიანის არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ნაწილობრივ გონებრივ შრომასაც. გარდა ამისა, ტექნოლოგიურ პროცესებში ელექტროენერგია წარმოადგენს არა მხოლოდ მექანიკური და სითბური ენერგიის წყაროს, არამედ იგი უშუალოდ ცვლის შრომის იარაღს, ანიჭებს რა მისაღებ პროდუქტს შესაბამის ფორმასა და თვისებებს (ელექტროფიზიკური, ელექტროქიმიური და სხვა პროცესები).

რომ არა ელექტროენერგია, შეუძლებელი იქნებოდა თანამედროვე ურთულესი ტექნიკისა და ტექნოლოგიის შექმნა და მათი მართვა, რამაც წარმოების დღევანდელი დონე განაპირობა. ელექტროენერგიის სრულიად ახალ პროცესებში გამოყენებამ  წარმოქმნა ახალი წარმოებები და დარგები,  რამაც გამოიწვია პროგრესული სტრუქტურული ცვლილებები ეკონომიკაში. მაგალითად, ელექტროენერგიის თვისება იონების მოწესრიგებული მოძრაობისა, იყო საფუძველი ტექნიკის ახალი დარგის _ სამრეწველო ელექტრონიკის გაჩენისა. ყველა ელექტრონული კომპონენტი და სისტემა თანამედროვე ტექნიკისა, რადიოტექნიკური მოწყობილობები, გამოთვლითი მანქანები, სწორედ ამ დარგის საფუძველზე წარმოიშვნენ, რამაც შექმნა თვისებრივად ახალი შესაძლებლობები ეკონომიკის ტექნიკური ბაზის გარდაქმნისა. ეკონომიკის სტრუქტურაში ღრმა ცვლილებებს იწვევს აგრეთვე ელექტროენერგიის გამოყენება ტექნოლოგიურ და მართვის პროცე¬სებში, რაც ბევრ სფეროში პრინციპულად ახალ ტექნოლოგიურ მეთოდებზე გადასვლას განაპირობებს. ეკონომიკა თანდათან უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება ელექტროენერგიის გამოყენებაზე. მისი გამოყენება ნავთობის, ბუნებრივი აირის და ქვანახშირის ნაცვლად მაღალტემპერატურულ პროცესებში იწვევს პროდუციის ენერგო- და მასალატევადობის შემცირებას, ხარისხის ამაღლებას, საწარმოო სიმძლავრეთა გამოყენების გაუმჯობესებასა და კაპიტალუკუგების გადიდებას. ყოველივე ეს ზრდის შრომის ნაყოფიერებას და ხელს უწყობს ეკონომიკის შემდგომ განვითარებას. წარმოიშვა ისეთი ახალი დარგები, როგორიცაა: ელექტროტექნიკური მრეწველობა, რადიოელექტრონიკა, ხელსაწყოთმშენებლობა, ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანების წარმოება, სარაკეტო-კოსმოსური მრეწველობა და სხვა. ელექტროენერგის შედეგად გახდა შესაძლებელი კონვეიერის გამოყენება მასიურ-ნაკადურ წარმოებაში.

მესამე ტექნოლოგიური რევოლუციიის დროსათვისებულ იქნა ენერგიის ახალი სახეობები – გაზი და ნავთობი, გამოგონებულ იქნა ტელეგრაფი, რადიო და ტელემაუწყებლობა. წარმოებაში დაინერგა მართვის ახალი სისტემა –  მენეჯმენტი, გავრცელება ჰპოვა სტანდარტიზაციის იდეამ და სხვ.

During the third technological revolution new typed of energy – gas and oil were developed, telegraph, radiobroadcasting and television were invented. A new system of administration – management was advanced, the idea of standardization wasspread and so on.

მეოთხე ტექნოლოგიური რევოლუცია – „ინფომაციული“ რევოლუცია 

ინფორმაციული საზოგადოების ჩამოყალი­ბე­ბ­ის კონცეფციის შექმნა განაპირობა კომპლექ­სური ავტომატიზაციისა და კომპიუტერიზაციის განვითარებამ, ინფორმაციის ინდუსტრიის, კომუ­ნი­კაციურ გამოთვლითი ქსელების, მონაცემთა ეროვნული და საერთაშორისო  ბაზების შექმნამ. განსაკუთრებელი ყურადღება ამ პრობლემატიკას მიექცა XX საუკუნის 70ჴიანი წლებიდან (მაგ.:Bell D. 1976; Тоффлер Э. 2010; Masuda Y. 1988).

პირველი ტრანზისტორის, პროცესორის, ინტეგრალური სქემების, მიკროპროცესორის, კომპიუტერის, ARPANET-ის (Advanced Research Projects Agency Network) ქსელის შექმნამ (1969) შესაძლებელი გახადა ინტერნეტის შექმნა, რამაც შეცვალა მილიარდობით ადამიანის ცხოვრება. ამავე დროს იწყება გამომთვლელი ტექნიკის  და ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვა. ინფორმაცია თანდათან ხდება ერთ-ერთი მნიშვნელოვასნი რესურსი. კომპიუტერებისა და ტელეკომუნიკაციური ქსელების განვითარებამ შესალებელი გახადა ინფორმაციის დიდი მასივების მოპოვება, შენახვა და გადაცემა სინათლის სიჩქარესთან ახლო სიჩქარით. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამეცნიერო-ტექნიკურ ინფორმაციას, როგორც პროგრესის საფუძველს. 

მაღალი ტექნოლოგიები 

მაღალი ტექნოლოგიები (Hi-tech დღეისათვის გამოიყენება ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში. განსაკუთრებულ ცვლილებებს იწვევს მათი გამოყენება ეკონომიკაში, ცვლის რა მისი განვითარების ტენდენციებს როგორც ლოკალური, ისე გლობალური მასშტაბით. იგი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ეროვნული ეკონომიკის ადგილს მსოფლიო ეკონომიკაში, ზრდის რა  ქვეყნის კონკურენტუნარიანობასა და კეთილდღეობის დონეს.

მაღალი ტექნოლოგიები წარმოადგენს სულ უფრო ახალ და პროგრესულ ტექნოლოგიებს, რომელთა გამოყენება მიმდინარე ეტაპზე აჩქარებს საზოგადოების, უპირველესყოვლის, ეკონომიკური გგანვითარების ჵპროცესს.

მაღალი ტექნოლოგიები შეიძლება გახდნენ შემდეგი, მეხუთე, ტექნოლოგიური რევოლუციის საფუძვრლი.

თანამედროვე ეტაპზე მაღალი ტექნოლოგიების დარგებიდან გამოიყოფა ელექტრონიკა, განსაკუთრებით კი მისი ქვედარგი _ მიკროელექტრონიკა. სწორედ ელექტრონიკის განვითარებამ გახადა შესაძლებელი შექმნილიყო გამოთვლითი ტექნიკა, საინფორმაციო-საზომი სისტემები, ინტეგრალური სქემები, ციფრული ინტეგრალური მიკროსქემები, მიკროპროცესორები, რეზისტორები, კონდენსატორები, დიოდები, ტრანზისტორები, რადიო, ტელევიზორი, რობოტები, კომპიუტერი და ა.შ., რომელთა გამოყენების გარეშე თანამედროვე ეტაპზე ვერ იარსებებდა ეკონომიკის ვერც ერთი დარგი და ადამიანთა საქმიანობის ვერც ერთი სფერო, რის გარეშეც წარმოუდგენელი იქნებოდა ინფორმაციის მოპოვების გადამუშავების, გადაცემისა და გამოყენების თანამედროვე დონე.

მაღალ ტექნოლოგიებს მიეკუთვნება ასევე ხელოვნური ინტელექტი ანუ ისეთი მანქანების შექმნა, რომელსაც გააჩნია ცოცხალი ორგანიზმის (მათ შორის ადამიანის) ნიშნები (მსჯელობა, აღქმა, მოძრაობა და ა. შ.). დღეისათვის საუბარი შეიძლება იყოს არა მხოლოდ ხელოვნურ ინტელექტზე, არამედ “მოაზროვნე” მანქანებზე, რომელთაც აქვთ ადამიანის ტვინის მსგავსად “მოაზროვნე” მოწყობილობები. საუბარია ხელოვნურ გონზე [სიჭინავა... 2011].

მაღალი ტექნოლოგიების დარგად ითვლება აგრეთვე ბიოტექნოლოგია(რომელიც თავისთავად ეფუძნება გენეტიკას, მიკრობიოლოგიას, მოლეკულური და უჯრედულ ბიოლოგიასბიოქიმიას, ემბრიოლოგიას და ა. შ.), კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფა, ნანოტექნოლოგიები, რობოტოტექნიკა, ტელეკომუნიკაციები, საავიაციო-კოსმოსური ტექნოლოგიები, ფოტონიკა, ატომური ფიზიკა.

დღეისათვის ტექნოლოგიური მიღწევები გამაოგნებელია, რომელთაგან ბევრის წარმოდგენა 20  წლის წინაც კი წარმოუდგენელი იყო: მობილური მოწყობილობებით დაკავშირებულია მილიარდობით ადამიანი და მათ დაკავშირებას წამიც არ ჭირდება; ინფორმაციისა და ცოდნის ხელმისაწვდომობა შეუზღუდავია; კიდევ უფრო ვითარდება   ხელოვნური ინტელექტი, რობოტები, ნივთების ინტერნეტი, ავტონომიური მანქანები, 3D  ბეჭდვა, ნანოტექნოლოგია, ბიოტექნოლოგია, კვანტური გამოთვლები, ენერგიის შენახვა, ბლოკჩეინ ტექნოლოგიები, კოსმოსის ათვისება და სხვ. მსოფლიო ახალი, მეხუთე, ტექნოლოგიური რევოლუციის ზღურბლზე დგას. ადამიანები და მანქანა-მოწყობილობები სულ უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს. მიმდინარეობს ფიზიკური, ციფრული და ბიოლოგიური სამყაროს გარკვეული გაერთიანება.

ჩვენი აზრით, დღეისთვის განვითარებულ ქვეყნებში, “ინფორმაციული ეპოქა მთავრდება და იწყება “მოაზროვნე ტექნოსფეროს ეპოქა” („thinking technosphere”).

თანამედროვე ეტაპზე ტექნოსფეროში მთავარ როლს ასრულებენ ინფორმაციულ–ტელეკომუნიკაციური ტექნოლოგიები,  «მოაზროვნე ტექნოსფეროს“ დროს მთავარი როლი მათთან ერთად დაეკისრებათ მოაზრონე ტექნოლოგიებს. „მოაზროვნე ტექნოსფერო“ ისარგებლებს  გაცილებით დიდი შესაძლებლობებით, ვიდრე ცალკეული ინტელექტუალური თუ მოაზროვნე მანქანა, ვინაიდან იგი იქნება ასეთი მანქანების მოწესრიგებული ერთიანობა საერთო „ხელოვნური გონის (ტვინის)“  გარშემო.

ასეთ პირობებში მნიშვნელოვნად შეიცვლება ადამიანთა მდგომარეობა. მათ უკვე ყოველდღიურ ცხოვრებაში საქმე ექნებათ მოაზროვნე ხელოვნურ ინტელექტუალურ მანქანებთან, რომელთაც შეეძლებათ საუბარი გარკვეულ თემაზე და გადაწყვეტილებების მიღება  სიტუაციიდან გამომდინარე. ძირეულად შეიცვლება წარმოების ორგანიზაციისა და სახელმწიფო მართვის ფორმები და ა. შ. შეიძლება ითქვას, რომ ჩამოყალიბდება სრულიად ახალი საზოგადოება, სრულიად ახალი ეკონომიკური სისტემით.

ფაქტიურად მოხდება ახალი, მეხუთე, ტექნოლოგიური რევოლუცია  – ხელოვნურიგონის (ტვინის)“ რევოლუცია. 

დასკვნები

  1. ხშირად ეკონომიკური პროცესების შესწავლა ხდება ტექნოლოგიური ცვლილებების გარეშე, მაშინ როდესაც, ტექნოლოგიური ცვლილებები უდიდეს გავლენას ახდენს  ეკონომიკაზე, განსაკუთრებით ტექნოლოგიური რევოლუციები.
  2. ტექნოლოგიური რევოლუციის დროს ხდება ძირეულ ცვლილებები საზოგადოებრივი წარმოების პროცესში. ამ დროს არენაზე გამოდის წარმოების სრულიად ახალი საშუალებები, რომლებიც იწვევენ ეკონომიკური სისტემის ელემენტთა ყველაზე პროგრესულ შეხამებას და განაპირობებენ ადამიანთა კეთილდღეობისა და კომფორტის არნახულ ზრდას.
  3. ლიტერატურაში განსაკუთრებით გამოიყოფა „ინდუსტრიული რევოლუცია“ და შემდეგ მისი ეტაპები (პირველი, მეორე, მესამე და ა. შ.), არადა ამ ეტაპებს შორის არსებითი თვისებრივი განსხვავებაა. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ ეს ეტაპები უნდა ჩაითვალოს დამოუკიდებელ ტექნოლოგიურ რევოლუციად. ამდენად, დედამიწაზე ადგილი ჰქონდა შემდეგ   ტექნოლოგიურ რევოლუციებს:

              1. პირველი ტექნოლოგიური რევოლუცია – “ნეოლითური რევოლუცია

              2. მეორე ტექნოლოგიური რევოლუცია „ინდუსტრიული რევოლუცია“

              3. მესამე ტექნოლოგიური რევოლუცია „ელექტრული რევოლუცია“

              4. მეოთხე ტექნოლოგიური რევოლუცია „ინფორმაციული (ციფრული) რევოლუცია“

4. დღეისათვის ვდგავართ მეხუთე ტექნოლოგიური რევოლუციის – „ხელოვნური გონის (ტვინის) რევოლუციის“ ზღვარზე. დაიწყება „მოაზროვნე ტექნოსფეროს“ ეპოქა. თანდათან იშლება ზღვარი ადამიანებსა და მანქანებს შორის, თუმცა ყველაფერი ადამიანის კონტროლს ექვემდებარება. 

ლიტერარურა 

  1. სიჭინავა დ., ნაკაშიძე გ. ინტერნეტის, ხელოვნური გონისა და ადამიანთა საზოგადოების ახალ ეპოქაში გადასვლის შესახებ. ჟ.: “ეკონომიკა და ბიზნესი”, 2011, № 1.
  2. Acemoglu, D, S Johnson, and J A Robinson (2005), “The Rise of Europe: Atlantic Trade, Institutional Change and Economic Growth”, American Economic Review 95: 546-579. https://economics.mit.edu/files/4466
  3. Allen, R C (2009), The British Industrial Revolution in Global Perspective, New York: Cambridge University Press. https://assets.cambridge.org/97805218/68273/ frontmatter/9780521868273_frontmatter.pdf
  4. Bell D. 1976. The social framework of the information society. In M. Dertouzas & J. Moses (Eds), Cambridge: MIT Press,.
  5. Fernihough, A, and K H O'Rourke (2014), “Coal and the European Industrial Revolution”, NBER Working Paper no. 19802. https://economics.mit.edu/files/4466
  6. Freeman, C., and F. Louçã. 2001. As time goes by. From the industrial revolutions to the information revolution. Oxford: Oxford University Press.Google Scholar
  7. Froomkin, The Next Economy M. April 1997, http://www.law.miami.edu/~froomkin/articles/newecon.htm
  8. Heldring, L, J A Robinson, and S Vollmer (2017), “Monks, Gents and Industrialists: The Long-Run Impact of the Dissolution of the English Monasteries”, NBER Working Paper no. 21450.  https://projects.iq.harvard.edu/ files/pegroup/files/heldringetal2015.pdf
  9. How the 5th Industrial Revolution is Advancing Humanity at Workplace. 2020. https://www.fingent.com/blog/how-the-5th-industrial-revolution-is-advancing-humanity-at-workplace/#:~:tex
  10. Kevin Kelly, New Rules for the new Economy, WIRED September, 1997; http://www.wired.com/wired/0.09/newrules.html Bradford  De Long;
  11. Leander Heldring, James Robinson, Sebastian Vollmer. 2017. The origins of the Industrial Revolution.
  12. Masuda Y. 1988. The information society as post industrial society. Washington, DC: The World Future Society
  13. NellM. 2020. Anticipating the Sixth Industrial Revolution. 2020 https://www.fpol.no/6th-revolution/
  14. North, D C, Thomas R P (1973), The Rise of the Western World: A New Economic History, Cambridge University Press. https://eh.net/book_reviews/the-rise-of-the-western-world-a-new-economic-history/
  15. Pomeranz, K. 2000, The Great Divergence, Princeton University Press. https://library.fes.de/libalt/journals/ swetsfulltext/16590471.pdf
  16. Toffler  Alvin. The Third Wave (1980). Bantam Books ISBN 0-553-24698-4
  17. Тоффлер Э. 2010. «Третья волна»: ООО «Фирма «Издательство ACT»; Москва.
  18. Кондратьев Н. Д. Большие циклы конъюнктуры и теория предвидения. М.: Экономика, 2002.
  19. Лестер Туроу. Будущее Капитализма. «Сибирский хронограф», 1999

  • · https://archaeo.fandom.com/ka/wiki/ნეოლითი
  • · სახელი, ნეოლითური რევოლუცია”, პირველად გამოიყენა გორდონჩაილდმა გასული საუკუნის 20-იან წლებში ახლო აღმოსავლეთის აგროკულტურული (სამიწათმოქმედო) რევოლუციის აღსანიშნავად.
  • · მას „აგრარულ რევოლუციასაც“ უწოდებენ, მაგრამ რევოლუციური ხასიათ მას არ ჰქოდა. მან ხელი შეუწყო ინდუსტრიულ რევოლუციას. რევოლუციური გარდაქმნები აგრალურ სფეროში ინდუსტრიულ რევოლუციასთან ერთად დაიწყო და იგი მაღალგანვითარებული ფერმერული მეურნეობის ჩამოყალიბებით დამთავრდა.
  • · https://ka.wikipedia.org/wiki/ინდუსტრიული_რევოლუცია
  • · https://vc.ru/tech/159106-pro-4-promyshlennyh-revolyucii- proshche-chem-v-uchebnikah-sohranyayte-dlya-shkolnikov.